მაღვიძარას ხმამ ყურში ისე ჩამკივლა, თითქოს სოფლის ღობეზე ყვავი შემომჯდარიყოს და ბებიაჩემი ეკლიანი ჯოხით ცდილობდა მის განდევნასო, ასეთივე ეკლებივით დამიარა მთელს ტანში ამ აუტანელმა წიკვინმა..
შეშფოთებით გამომეღვიძა და წამისმეათასედში შევავლე თვალი ცარიელ კედლებს. ცოტა შვება ვიგრძენი, რომ გავიაზრე ჩემს საწოლში ვიწექი და ჭერს მივაპყარი მზერა.
გული ისეთი გამალებით მიცემდა, განცდა დამეუფლა თითქოს, სადაცაა გასკდებოდა და ოთახს სისხლით მიმოწუწავდა ირგვლივ…
ნეტავ მართლაც გაჩერდებოდეს ეს გული!
-მინდა რომ გაჩერდეს!
თვალები დავხუჭე და სუნთქვა შევანელე, აღარ მინდოდა ეს ჰაერი, არც მისი აყროლებული არომატი…
წუთი…
კიდევ წუთი…
გავბუჟდი…
მინდა გაჩერდეს ეს გული, ვიმეორებ გონებაში მკაცრად და გაბრაზებით, რომლის ბაგა-ბუგიც ახლა უფრო გამალებით მესმოდა… კიდევ ერთი წუთიც და ჰაერი ხარბად შევისუნთქე…
ვერ შევძელი!
რას ვგრძნობ ამ წუთას? -არაფერს… ყველაერს… თუმცა ეს ყოველივე ერთად აღებული, სიცარიელეა მხოლოდ…
-მინდა ვიტირო!
მინდა ვიტირო და ვერ ვტირი, თითქოს ესეც სასჯელივით მომევლინაო, თვალთან მომდგარი ცრემლი გარეთ არადა არ გადმოვიდა.
გული კიარა, მე გავსკდები მემგონი და ფეკალურ მასად მოვედები კედლებს. სხვა ვერაფერს შევადერებდი საკუთარ თავს ამიერიდან!
-მინდა ვიყვირო! იქნებ დავიცალო…
ავდექი. ფანჯარასთან ფეხაკრეფით მივიპარე, თითქოს საკუთარ სხეულს ვემალებოდიო და სარკმელი შევაღე.
წვიმს გარეთ… ისევ წვიმს და არაფერი არ იძვრის ეზოში. სიმყუდროვეს წვიმის წვეთები არღვევენ მხოლოდ და ალაგ-ალაგ ტალახიან გუბეებს ავსებენ.
ღმერთო, ყვირილიც ვერ შევძელი… ვიგრძენი ამ სიმყურდოვის დარღვევის უფლებაც არ მქონდა…
-გარეთ მინდა გასვლა!
მომინდა ქუჩას გავუყვე უაზროდ და ისევე მაწვიმდეს, როგორც იმ კატას, იქვე კედლის განაპირას, რომ შევნიშნე აბუზულიყო და თვალებს შიშით აცეცებდა აქეთ-იქეთ. ალბათ, გაურბოდა რამეს… თუმცა მისი არ ვიცი, მაგრამ ამ წუთას გავიაზრე რომ თავად გავურბოდი საკუთარ თავს და გაქცევაც არ შემეძლო!
სარკმელს მოვშორდი. თვალით სიგარეტის კოლოფს დავუწყე ძებნა, საწოლის თავთან რომ ეგდო და უმალ, ხელის კანკალით ძლივს ამოვაძვრინე ღერი, მოვუკიდე და მომაკვდინებელი კვამლი ხარბად შევიწოვე… წამით გავყუჩდი, შვებაც ვიგრძენი. არც ხელი მიკანკალებდა ამ წამს და არც გული მიცემდა ემოციისგან დატვირთულს წეღან რამის რომ ამოვარდნას ლამობდა.
ძალიან მშვიდი ნაბიჯით, სააბაზანოს მივაშურე და სამართებელი მოვიძიე.
მერე გიჟივით ხარხარი ამიტყდა, რა უნდოდა აბაზანაში სამართებელს… უმალ გამოვბრუნდი და საწოლის თავთან, აჩეჩილ ბალის დავაშტერდი, აქ მეგულებოდა ის რასაც ვეძებდი… ვიპოვე და იქვე მდგარი სკამი მოვიჩოჩე სიახლოვეს და მოვკალათდი, თითქოს რბილ სავარძელში ვნებივრობდიო, გადავიციე პერანგის სამაჯური და საკუთარ მაჯას დავაცქერდი… კიდევ წუთიც და სითბო ვიგრძენი ხელის თითებთან, ზოლებად რომ ჩაყვებოდა სისხლის წვეთები… ცალი ხელით სკამის საზურგეს ჩავეკარი მაგრად, აი ისე შენ რომ გიხუტებდი გულში და საკუთარ სილუეტს დავუწყე თვალიერება იქვე მაგიდასთან აყუდებულ, მოგრძო ზომის სარკეში… არაფრის მთქმელი მზერით ავუყევი საკუთარ, დედიშობილა სხეულს და ყოველი ნაწილის, ჩემივე გამომეტყველების დამახსოვრება მსურდაო თითქოს, ისე ყურადღებით დავაცქერდი მიღმა მზერას…
მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა და შევხტი, არ ველოდი ამ ზარს ახლა, ამ წამს… თუმცა ველოდი მას მერე სულმოუთქმელად და აკი მკლავდა ეს მოლოდინიც…
ნაცემი ძაღლივით ძლივს მივიტანე ტანი კედლის კუთხეში მიგდებულ ტელეფონამდე და აი დაცინვაც, ზარი შეწყდა!
შემდეგ, არ ვიცი… ძალიან დიდხანს ვიჯექი, ასე გაშტერებით დავცქეროდი ტელეფონს და სიგარეტის ღერს ზედიზედ ვუკიდებდი და… და ზარს ველოდი განმეორებით!
ველოდი ამაოდ… ველოდი, რადგან მე აღარ შემწევდა გამბედაობა, დარეკვის…
კოლოფიდან ბოლო ღერს წავეტანე, მოკიდება რომ ვცადე სანთებელა დამივარდა და გაოცებაც ვერ მოვასწარი რომ ჩემს ირგვლივ ოთახი ჩამობნელდა…
